„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსის პრევენციისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პრობლემებს ვერ აგვარებს და ქვეყანაში უმწვავესი კრიზისია, რადგან უამრავი მოქალაქე შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზარდოს და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის დეტალურად იყოს ცნობილი, თუ რომელ რეგიონში რამდენი ტესტი ჩატარდება.
„ქვეყანა უმწვავეს კრიზისშია. ათასობით და ასიათასობით მოქალაქე შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და უწევს სახლში ყოფნა. ასეთ დროსაც ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნისათვის დამაზიანებელ გზას ადგას. საზოგადოებაში ბევრი ლეგიტიმური კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გამართლებულია მთავრობის მიერ არჩეული კურსი, გნებავთ ეკონომიკის და გნებავთ ჯანდაცვის მიმართულებით. ამ ლეგიტიმურ კითხვებს ქვეყნის მტრობას უწოდებს სახელისუფლებო გუნდი, იქნება ეს კახი კალაზე თუ ირაკლი კობახიძე, რაც სპობს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს და დაინახოს ის შეცდომები, რასაც მთავრობა უშვებს.
"პირველი საკითხი ეხება ტესტირებას, რაზეც დიდი ხანია პირველ რიგში მედპერსონალიდან და ზოგადად საზოგადოებიდან მოთხოვნა, რომ ქვეყანაში გაიზარდოს დიაგნოსტიკა, ჩატარდეს მეტი ტესტი, გვქონდეს სრულფასოვანი ეპიდემიოლოგიური სურათი. ქვეყანაში ამის რესურსი არსებობს, არსებობს ლუგარის ლაბორატორია, რეგიონული ლაბორატორიები, კერძო ხარისხიანი ლაბორატორიები და თუ ეს რესურსი იქნებოდა გამოყენებული ჩვენ უფრო ზუსტი ეპიდემიოლოგიური სურათი გვექნებოდა და ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გამოაქვეყნოს არამხოლოდ ზოგადი რიცხვები, არამედ რომელ რაიონში რა რაოდენობის ტესტი ჩატარდა, ასევე უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ მედპერსონალისთვის ყოველდღიურად, სად რომელ საავადმყოფოში, რომელი ტესტი ჩატარდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულფასოვანი აღქმა, რომ მთავრობა არაფერს მალავს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.